გიორგი კოხრეიძე - ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი მიზნები აქვს #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძე - ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი მიზნები აქვს #1TVSPORT

გიორგი კოხრეიძე „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა. ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ახალ გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდოდა ახალი გამოწვევა მიმეღო. მეორე – ქუთაისელებს შორიდან ვიცნობ, ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იციან და ტრიბუნაზე შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. ეს კი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

მთავარი კი ისაა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ძალიან დიდი მიზნები აქვს და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა სურს, რაც ძალიან მახარებს. გუნდის გულშემატკივარს ვპირდები, რომ წელს ჩემპიონობას მოვიპოვებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშებზე სტადიონი გაივსება.

„ტორპედოს“ ფეხბურთელებ ბევრს ვიცნობ და გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია. ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს, გუნდს კარგად შევეწყვე და ასეთი დახვედრა ძალიან მესიამოვნა“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის კოხრეიძემ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ტორპედოს“ ახალწვეულს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2021 წელს ფრანგული „გრენობლში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო კარიერა ვერ აეწყო და სამშობლოში დაბრუნდა.

გასულ სეზონში კოხრეიძემ 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.