გიორგი კოხრეიძე - ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, „გრენობლში“ თამაშს 40 დღეში შევძლებ #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძე - ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, „გრენობლში“ თამაშს 40 დღეში შევძლებ #1TVSPORT

„საბურთალოს“ ყოფილმა კაპიტანმა და ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ ითამაშებს, საფრანგეთში გადასვლაზე ილაპარაკა. 22 წლის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ უკვე მომჯობინდა და თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, საფრანგეთში მისი ტრანსფერი უცებ გადაწყდა.

„მძიმე ტრავმა მქონდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დავიწყე თამაში, მაგრამ ისევ გამიმიზეზდა. ინდივიდუალურად უკვე ვვარჯიშობდი, როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა. „გრენობლში“ ჩარიცხვაში „საბურთალოს” ხელმძღვანელებმა ყველანაირად ხელი შემიწყვეს. ახლა უკეთ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. სავარაუდოდ 10 დღეში გუნდს შევუერთდები. მეუბნებიან, რომ რამდენიმე ტურს გამოვტოვებ, შემდეგ გუნდს შევუერთდები და თამაშს 40 დღეში შევძლებ. ყველაფერი მაინც ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ვისარგებლებ შემთხვევით და „საბურთალოს” საექიმო შტაბს მადლობას გადავუხდი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მალე ფეხზე დავმდგარიყავი. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი. ჯერ სასტუმროში ვცხოვრობ, თუმცა რამდენიმე დღეში სახლს გადმომცემენ. ამ ეტაპზე ურთიერთობას ვარჯიშების დროს ინგლისურად ვახერხებ, მაგრამ უკვე შემირჩიეს მასწავლებელი და ფრანგულის სწავლებას შევუდგები“, – ამბობს კოხრეიძე.

მან საფრანგეთში დახვედრაზე ილაპარაკა.

„ძალიან თბილ გარემოში მოვხდი. გუნდში წარდგენის შემდეგ, სტადიონი დამათვალიერებინეს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების კარში ჩემი გოლი გაიხსენეს. ასევე, ფან-კლუბის წევრები გამაცნეს. საფრანგეთის ლიგა 2 შაბათს იწყება. ჩემპიონატის სტარტზე მასპინძლები ვართ და ბუნებრივია სამ ქულას ვგეგმავთ. სეზონის მიზანი „გრენობლის“ უძლიერესთა რიგებში დაბრუნებაა. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. გუნდი დასრულებული სეზონის პლეიოფში დამარცხდა. მაგრამ ბირთვი შენარჩუნებულია“.

ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები გიორგი კოხრეიძე იმედოვნებს, რომ დადგება დრო და ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურსაც მოირგებს.

„ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. ახლა, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. რა თქმა უნდა, იქამდე კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ არც ეს დღეა შორს. იმედია მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში, დავიმსახურებ გამოძახებასა და ავიხდენ ოცნებას“.

დატოვე კომენტარი