გიორგი კოხრეიძე - ძნელია, როდესაც გუნდს ვერ ეხმარები
გიორგი კოხრეიძე - ძნელია, როდესაც გუნდს ვერ ეხმარები

გიორგი კოხრეიძე ესპანეთში გაკეთებული წარმატებული ოპერაციით კმაყოფილია და ამბობს, რომ ბევრი ადამიანის თანადგომამ გაახარა.

„საერთოდ არ ვგრძნობ, რომ უცხო გარემოში ვარ. დედაჩემიც ჩემს გვერდითაა, რომელიც კიდევ ერთი კვირა დარჩება. ამას გარდა, დიდ ყურადღებას მაქცევს „საბურთალოს” ახლო მეგობარი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს – ლევან სარალიძე. გვერდიდან არ მცილდებიან ადგილობრივები, რომლებსაც „საბურთალოსთან” საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ანტონიო ლოპესი და ხავიერ ფიქუერი. ამ ადამიანებს ესპანურ ფეხბურთში სიტყვა ეთქმით“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

მისი თქმით, მუდამ მასთან ერთადაა „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელიც „ლევანტეს“ მოთამაშეა:

„გიორგი ცალკე აღსანიშნავია. იგი ოპერაციის დროსაც კლინიკაში იყო და ახლაც, როდესაც სახლში გამწერეს, ჩემს გვერდითაა. ერთად დიდ დროს ვატარებთ – გვერდში მიდგას და ძალიან მამხნევებს“.

21 წლის თავდამსხმელი იმ განცდებზე ლაპარაკობს, როდესაც „საბურთალოს“ ევროპის ლიგაზე ვერ დაეხმარა:

„ჩემი გუნდის თამაშს ტელევიზიით რომ ვუყურებდი, ძალიან მომინდა მოედანზე გასვლა. რთულია, როდესაც შენს გუნდელებსა და მეგობრებს ვერ ეხმარები. ძალიან მომენატრა ფეხბურთის თამაში, ვარჯიში. იმედია, გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით გაივლის და მოედანს რამდენიმე თვეში დავუბრუნდები. ეს ჩემთვის პირველი ოპერაცია იყო. მაგრამ სანერვიულო არაფერი მქონდა, რადგან სპორტსმენი ხან რთულ ოპერაციას გაიკეთებ, ხანაც მსუბუქს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ უფრო უკეთ მაქვს ნაოპერაციები, ვიდრე წარმოედგინათ. მაიმედებენ, რომ შესაძლოა ვარჯიში ნავარაუდევზე ცოტა ადრეც დავიწყო. ვნახოთ, სარეაბილიტაციო კურსი როგორ გაივლის. „საბურთალოში” ყველა ძალიან მაიმედებს და გვერდში მიდგანან. მათთან ყოველდღიურ კონტაქტში ვარ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო ძალას მმატებს. ვისარგებლებ შემთხვევით და თანადგომისთვის ყველას მადლობას გადავუხდი“.

დატოვე კომენტარი