გიორგი კოხრეიძე - არ შემიფურთხებია, მაგრამ გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი
გიორგი კოხრეიძე - არ შემიფურთხებია, მაგრამ გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი

„საბურთალოს“ ფეხბურთელ გიორგი კოხრეიძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს – ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტის სხდომაზე გამოიტანეს.

როგორც სადისციპლინო კომიტეტმა განმარტა, გიორგი კოხრეიძე „საბურთალოსა“ და „თელავის“ მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო დასაჯა.

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, კომენტარი თავად ფეხბურთელმა, გიორგი კოხრეიძემ გააკეთა.

„სათამაშო ეპიზოდი იყო, მე და ჩუკვურა ბურთის მოსაპოვებლად ვიბრძოდით. თავიდან, ფეხი მომიხვდა, საპასუხოდ კი მუხლში გამიზნულად მომარტყა, რამაც გამაბრაზა და მისკენ გავიწიე. მხოლოდ, თავის მოძრაობა გავაკეთე და „ფუ, შენი“ ვუთხარი. მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა არ შემიფურთხებია. ირგვლივ რამდენიმე ადამიანი იყო – მთავარი მსაჯი, გვერდითი არბიტრი. ვიდეოგამეორებიდან ჩანს, რომ მსაჯებს სწორი პოზიცია უკავიათ და უშუალოდ უყურებენ ეპიზოდს. იქვეა მეოთხე არბიტრი, როგორც ვიცი მატჩის დელეგატიც“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

„საბურთალოსა“ თავდამსხმელმა გულშემატკივრებს ბოდიში მაინც მოუხდა.

„რომ შემეფურთხებინა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს პროტესტის გრძნობა ხომ ექნებოდათ და ხომ მოითხოვდნენ ჩემს გაძევებას? მაგრამ, მსგავსი რამ არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტი არ ჩამიდენია და განვმარტე რა და როგორ იყო, იმ უხერხულობისთვის და აჟიოტაჟისთვის, რაც გულშემატკივრებსა და სპორტულ საზოგადოებაში შეიქმნა, ბოდიშს ვიხდი”, – აცხადებს კოხრეიძე.