გიორგი კიკვაძე „რეალ ბეტისის“ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა - ინფორმაციას ესპანური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს #1TVSPORT
გიორგი კიკვაძე „რეალ ბეტისის“ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა - ინფორმაციას ესპანური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს #1TVSPORT

„რეალ ბეტისის“ აკადემიის სკაუტები ესწრებოდნენ მოთამაშეთა ტესტირებისთვის გამართულ The Showcase-ს, რომლის მიზანიც აკადემიისთვის ბავშვების შერჩევა იყო. ამ ტესტირებაზე „რეალ ბეტისის“ აკადემიისთვის ორი საუკეთესო ფეხბურთელი შეირჩა, რომლებიც კარიერას ჩვენს გუნდში გააგრძელებენ“ – წერია ესპანური კლუბის განცხადებაში.

Showcase-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეროვნების 100-მა ფეხბურთელმა 6 ესპანურ საფეხბურთო კლუბთან ერთად. ფეხბურთელები ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ, ხოლო თითოეული კლუბის ორი მწვრთნელი მათ ტრიბუნებიდან აკვირდებოდა, რათა საუკეთესოები შეერჩიათ.

„რეალ ბეტისის“ სახელით კლუბის აკადემიის სპორტული მენეჯერი ხუან პარა და აკადემიის ერთ-ერთი მწვრთნელი ხავიერ ლოპესი დაესწრნენ და ორი ფეხბურთელი შეარჩიეს – ამერიკელი და ქართველი ტალანტი. ისინი მოგვიანებით გაემგზავრებიან „რეალ ბეტისის“ აკადემიის გუნდებთან სავარჯიშოდ.

„შერჩეულები იყვნენ ამერიკელი ტრისტან ფლორესი და ქართველი გიორგი კიკვაძე. ორივემ ერთი კვირა გაატარა სევილიაში ვარჯიშზე და ისარგებლეს „ბეტისის“აკადემიაში გადაყვანის შესაძლებლობით, საფეხბურთო თვისებები გამოაჩინეს და უახლოესი პერიოდიდან ჩვენს აკადემიაში ივარჯიშებენ“, – წერია „ბეტისის“ გავრცელებულ ცნობაში.

Showcase არის უდიდესი შესაძლებლობა მსოფლიოში მათთვის, ვისაც სურს იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი. მოთამაშეებს ეძლევათ შანსი, გამოავლინონ თავიანთი უნარები ერთი კვირის განმავლობაში. უეფას პრო-ლიცენზიის მქონე მწვრთნელები ესპანეთის ტოპ კლუბებიდან არიან პასუხისმგებლები ვარჯიშებსა და მატჩებზე.

პროფესიონალური ესპანური კლუბების სკაუტები დასკვნით დღეს, დაჯილდოების ცერემონიის დროს, ვალდებულები არიან აირჩიონ მინიმუმ ერთი მოთამაშე, რომელიც შეუერთდება გუნდს და პროფესიულ კონტრაქტს შესთავაზებენ.