გიორგი კიკნაძე - მგონია, რომ მალე განსხვავებულ ნაკრებს ვიხილავთ #1TVSPORT
გიორგი კიკნაძე - მგონია, რომ მალე განსხვავებულ ნაკრებს ვიხილავთ #1TVSPORT

„ვილი სანიოლის ხელში ფეხბურთელები თავიდან იმიტომ გამოჩნდნენ, რომ თავის დამკვიდრება სურდათ“, – ეს საქართველოს პირველი არხთან თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი კიკნაძემ განაცხადა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამოსვლებსა და ვილი სანიოლის მუშაობაზე ილაპარაკა.

– ახლა საქართველოს ნაკრების ტრანსფორმაცია მიდის და ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ნაკრებში ის გამოცდილი ფეხბურთელები უნდა დატოვონ, რომლებიც ორ ტაიმს თამაშობენ იმ კლუბებსა და ჩემპიონატებში, რომელიც ნაკრების დონეს აკმაყოფილებს. მათ გვერდით ახალგაზრდები ისწავლიან. ეს პროცესი დაწყებულია და სამწვრთნელო სტაფი გვაჩვენებს, გამოცდილებსა და ახალგაზრდებს რამდენად სწორად დააბალანსებენ. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში სრულიად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ.

– ნაკრები კლუბი არაა, რომ 3-4-წლიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს არჩეული. ნაკრებს ყოველთვის ყოველთვის შედეგი უნდა მოვთხოვოთ. იქ ყველას მაქსიმუმის გაღება და თავზე გადახტომა მოეთხოვება.

– დარწმუნებული ვარ, წასაგებად მოედანზე არავინ გადის. ყველაზე მეტად მოგება და სამი ქულა მათ უნდათ. მაგრამ ფეხბურთელებმა  უნდა გაითავისონ, რას ნიშნავს ნაკრებში თამაში და ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.

– გვყოფნის თუ არა წარმატებებისთვის კლასი? უკრაინა უკვე არის იმ დონეზე, როდესაც საფრანგეთს ან იტალიას ეთამაშება, ვერ იტყვი, რომ 100-პროცენტიანი გრანდები მოიგებენ. რუსები ასე არ არიან, მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზე მაინც თამაშობენ. მეტოქეებისთვის ასეთი არაპროგნოზირებადები მაინც უნდა ვიყოთ.

– ნაკრებში რომ თამაშობ, ხელში ავტომატი არ გიჭირავს, მაგრამ საომრად გადიხარ და უნდა იბრძოლო. შეიძლება წააგო, მაგრამ ყველამ უნდა დაინახოს, რომ ბოლომდე დაიხარჯე და მინდვრის ერთი მტკაველი არ დათმე.

– რაც შეეხება თავდადებას – სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, ფეხბურთელებს თავი დაუზოგავთ, რამე არ მეტკინოსო. ამიტომ ნაკრები ერთი შეკრული ორგანიზმი უნდა იყოს. კარგად მახსოვს ბატონი ვოვას (გუცაევის) სიტყვები, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ვეთამაშებოდით – „ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, შენ თუ კარგად დაურტყამ და შენ თუ კარგად დაუდგები, ისიც ადამიანია და იმ კარგ დარტყმულს ჩიტი ხომ არაა, რომ გაფრინდეს“.  ეს სიტყვები თავიდან არ ამომდის. მოედანზე ავტორიტეტს არ უნდა ცნობდე და შენი მაქსიმუმი გაიღო. იმ იტალიის გუნდიდან, რომელსაც 2:0 მოვუგეთ, ბევრი ეროვნულ ნაკრებში გადაიყვანეს – ბუფონი, კოკო, ამბროზინი