გიორგი კიკნაძე - ფეხბურთელებს მობილიზებაში უნდა დავეხმაროთ და არა იმ ილუზიის შექმნაში, რომ ცალი ფეხით მოვიგებთ #1TVSPORT
გიორგი კიკნაძე - ფეხბურთელებს მობილიზებაში უნდა დავეხმაროთ და არა იმ ილუზიის შექმნაში, რომ ცალი ფეხით მოვიგებთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, გიორგი კიკნაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლუქსემბურგთან 21 მარტს გასამართი ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩისთვის „ჯვაროსნების“ მზადყოფნის შესახებ ისაუბრა.

„სხვათა შორის, ლუქსემბურგს ჩვენზე ნაკლები ამბიცია არ აქვს. წლების წინ „ლოკომოტივს“ რომ ვავარჯშებდი, ამ ქვეყნის გუნდს შევხდით. იმ დროს ნახევრად პროფესიული ლიგა ჰქონდათ – დალაქები და მეხანძრეები თამაშობდნენ. მაშინ იწყებდნენ განვითარებას და ისეთი ტრანსფორმაცია განიცადეს, რომ ახლა მათ შედეგებს ხედავთ. შემადგენლობას გადავხედე, რამდენიმე კაცი თამაშობს პირველ და მეორე ბუნდესლიგაში, საფრანგეთში, შვედეთსა და საშუალო ევროპულ კლუბებში. მათი კლუბი კონფერენს ლიგის ჯგუფშიც მოხვდა.

თუმცა, ეს სახლის თამაშია და ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, მეორედ რომ ვართ ასეთი მატჩის მასპინძლები. ეს უპირატესობა ერთ-ერთია, რაც გამოსაყენებელი გვაქვს. ჩვენს ფეხბურთელებს მობილიზებაში უნდა დავეხმაროთ და არა იმ ილუზიის შექმნაში, რომ ცალი ფეხით მოვიგებთ. ეს ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა კარგად იციან. სხვაგვარად ლუქსემბურგი აქამდეც ვერ მოვიდოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მშვენიერი შანსი და ისეთი ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც ლუქსემბურგის დამარცხება შეუძლიათ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი კიკნაძემ.