გიორგი ხელაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ გამოიყენებენ სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, გაცილებით მნიშვნელოვანი თქვა, რომ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს
გიორგი ხელაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ გამოიყენებენ სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, გაცილებით მნიშვნელოვანი თქვა, რომ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ გამოიყენებენ სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, გაცილებით მნიშვნელოვანი თქვა, რომ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა.

ხელაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით“.

„საქართველოში გუშინ გამართული დისკუსია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებაზე არის ნაწილი იმ ტრადიციის, რასაც ოპოზიცია ყოველთვის მიმართავს, როცა არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ არა მხოლოდ ფაქტების, არამედ განცხადებების. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე განსაკუთრებული არ უთქვამს. ვიცოდით, რომ ამერიკელების მხრიდან ძირითადი წუხილი იქნებოდა ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უმცირესობების უფლებებზე და ასევე იქნებოდა მოწოდებები, ყველა ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც ძალადობა ჩაიდინა.

ასევე, მან პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მან თქვა, რომ ზოგადად, ამერიკას თავის არსენალში აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური მიზნები შეასრულოს, მათ შორის არის სანქციები. მას არანაირი კომენტარი არ ჰქონია, რომ ისინი გამოიყენებენ სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თქვა, ყველა, ვინც ძალადობაშია დამნაშავე, უნდა დაისაჯოს. როცა ამ სანქციებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა არის პირველი, ვინც დასჯის იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ისინი დაკავებულები არიან, ვვარაუდობ, რომ სხვებიც იქნებიან დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შესაბამისად, ამერიკის მხრიდან არანაირ სანქციებზე საუბარი ამ ადამიანების მიმართ არ იქნება, რადგან ისინი დასჯილი იქნებიან საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.