გიორგი ხარაიშვილი - ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ
გიორგი ხარაიშვილი - ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრა გიბრალტარში 3:2 მოიგო.

მატჩის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ანგარიში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი ხარაიშვილი და ჯეკ სერჯანტი ერთმანეთს შეეჯახნენ. 56-ე წუთზე მომხდარი ინცინდენტის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოედნის დატოვების შემდეგ ფეხბურთელი ხანმოკლე პერიოდით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიორგი ხარაიშვილი კვლევების ჩატარების შემდეგ, თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა გიბრალტარი  დატოვა და უკვე შვედეთში იმყოფება. 

გიორგი ხარაიშვილი: “პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემს თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.

რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.

მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემს გულშემატკივარს, ვინც  გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა.”

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია