გიორგი ხარაიშვილი - მზად ვარ, „დინამოელებთან“ ერთად მივაღწიო წარმატებას #1TVSPORT
გიორგი ხარაიშვილი - მზად ვარ, „დინამოელებთან“ ერთად მივაღწიო წარმატებას #1TVSPORT

გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისს“ უკვე შეუერთდა, სავარჯიშო პროცესში ჩაერთო და ტრანსფერზე პირველი, ლაკონიური კომენტარი გააკეთა.

„გამარჯობათ, დინამოელებო – მე უკვე აქ ვარ და მზად ვარ, თქვენთან ერთად მივაღწიო წარმატებას“, – ამბობს გიორგი ხარაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი „დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დღეს დაადასტურა – კლუბის პრესსამსახურის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ 26 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ უნგრული „ფერენცვაროშიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.

გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. ასევე უთამაშია შვედურ „გიოტებორგში“ და „ფერენცვაროშში“. გიორგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო 2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი).