გიორგი ხაბულიანი - ვერც წარმოვიდგენდი, ბალოტელის თანაგუნდელი რომ გავხდებოდი #1TVSPORT
გიორგი ხაბულიანი - ვერც წარმოვიდგენდი, ბალოტელის თანაგუნდელი რომ გავხდებოდი #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა გიორგი ხაბულიანმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ ორწლიანი კონტრაქტი თურქეთის სუპერლიგის „ადანა დემირსპორთან“ გააფორმა.

„თურქულ კლუბში გადასვლა მიხარია, რადგან „ადანა დემირსფორში“ ჩარიცხვა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. თურქული მხარე დაინტერესდა, სინჯებზე მიმიწვია, ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარე, ორივეში გავიტანე და ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხაბულიანი.

17 წლის თავდამსხმელი უეფა-სგან სათამაშოდ საგანგებო ლიცენზიას ელოდება:

„18 წლის 25 მარტს გავხდები. კონტრაქტის გასააქტიურებლად, უეფა-ს საგანგებო ლიცენზიას ველოდები, რომელიც არასწრულწლოვნის სათამაშოდაა საჭირო. მითხრეს, რომ ხელსეკრულება 4 თვეში გააქტიურდება და თამაშის უფლებას მივიღებ. მანამდე კი ასაკის გამო სუპერლიგაში თამაშის უფლება ჯერ არ მაქვს. ვითამაშებ, დუბლებში. თუმცა, მთავარ გუნდში ვივარჯიშებ“.

ადანა დემირსპორის“ მთავარი მწვრთნელი ცნობილი იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი ვინჩენცო მონტელაა, ხოლო ერთ-ერთ ლიდერი – იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი. ხაბულიანი იმედოვნებს, რომ ამ შანსს გამოიყენებს:

„ეს კონტრაქტი კარიერაში ის შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენო. დიდი სტიმულია მოხვდე გუნდში, სადაც მთავარი მწვრთნელი მონტელაა, თავდამსხმელი კი – ბალოტელი. ის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო და უცებ მისი თანაგუნდელი და კონკურენტი გავხდი. ვიღაცას ეს ერთი თვის წინ რომ ეთქვა, არარეალურად ჩავთვლიდი. ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ“.

გიორგი ხაბულიანი ამჟამად ნორვეგიაშია, სადაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს 6 ოქტომბერს უელსთან გამართავს, შემდეგ კი კოსოვოს (9 ოქტომბერს) და მასპინძელ ნორვეგიას (12 ოქტომბერს) დაუპირისპირდება.