გიორგი კერვალიშვილი აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირს პროვოკაცია უნდოდა და ხელი პირველმა ამ პირმა დაარტყა
გიორგი კერვალიშვილი აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირს პროვოკაცია უნდოდა და ხელი პირველმა ამ პირმა დაარტყა

არანაირი პოლიტიკა, ქალბატონი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იყო, პირველად ვნახე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კერვალიშვილმა განუცხადა. მან დილით მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა. კერვალიშვილის თქმით, ბერლინიდან ჩამოფრინდა, მათი ჩანთები უამინდობის გამო ვერ ჩამოიტანეს და ორი დღის განმავლობაში ქუთაისში დარჩენა მოუხდათ. მისი თქმით, აეროპორტში ჩოჩქოლს შემთხვევით შეესწრო.

„არ ვიცი, რისთვის იყო ჩოჩქოლი, პოლიციელების მოსვლამდე ადამიანები გავაშველეთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანური ქმედებაა ჩემი აზრით. არანაირი პოლიტიკა, ის ქალბატონი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, არც მინახავს, არც ვიცნობ. რა პოლიტიკური სარჩული უნდა ყოფილიყო. ჩოჩქოლი იყო და ორივე მხარეს ვაშველებდი. სახელი არ ვიცი, იმ ქალბატონის თანმხლები პირი მოვიდა, მწვდა ქურთუკზე. ვუთხარი, ასე ხელს თუ მომკიდებ, პოლიციაში გიჩივლებ-მეთქი. შეურაცხყოფა მომაყენა, მაგ სიტყვას ვერ ვიტყვი, რაც თქვა, მაგრამ ალბათ ხვდებით, რას ეძახიან ადამიანს, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს. პროვოკაცია უნდოდა, ხელი დამარტყა, მე რაზე უნდა დამერტყა“, – განაცხადა გიორგი კერვალიშვილმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იმსჯელა. ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამჯერად სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა. ამ დროისთვის, სამივე მათგანი გათავისუფლებულია. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილსა და გიორგი კერვალიშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა – 700-700 ლარი დააკისრა, დავით მაჭავარიანის საქმის განხილვა კი გადაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.