გიორგი კანდელაკი - შევარდნაძის დროს ლევან მამალაძე და მსგავსი ოდიოზური ფიგურები უფრო ღირსეულად იქცეოდნენ, ვიდრე „ქართული ოცნება“
გიორგი კანდელაკი - შევარდნაძის დროს ლევან მამალაძე და მსგავსი ოდიოზური ფიგურები უფრო ღირსეულად იქცეოდნენ, ვიდრე „ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, უცხოელი პარტნიორებისგან ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნებია, რომ შედგეს შეთანხმება, კომპრომისი და გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა შესრულდეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის კონფრონტაციაში შესვლა არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებასთან, არამედ საქათველოს მეგობრებთანაც, რადგან პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ იყო მთელი წყება უაღრესად კრიტიკული განცხადებებისა. იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იყო მწვავე განცხადებები შეერთებული შტატების კონგრესში, ევროპარლამენტში და ძალიან ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნებია, რომ შედგეს შეთანხმება, კომპრომისი და გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა შესრულდეს“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

კანდელაკმა შეაფასა კახა კალაძის დღევანდელი განცხადება, რომ თემა დახურლია და 2020 არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

„ვისაც ახსოვს შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდი, ლევან მამალაძე და მსგავსი ოდიოზური ფიგურები უფრო ადეკვატურად და ღირსეულად იქცეოდნენ, ვიდრე დღეს „ქართული ოცნება“ და თუნდაც, მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისი განმარტებით, თემა დახურული არის თუ არა, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება.

„ამასაც არ დავჯერდეთ და ვკითხოთ აზრი ეუთო-ს, ოდირს, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე ავტორიტეტული ორგანოა. ჩვენც გავუგზავნით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ გერმანული მოდელის პროექტს ოდირს და თუ ის მისცემს დასტურს, რომ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, მაშინ პირობას იძლევა ბატონი კალაძე, რომ მხარს დაუჭერს?“ – აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

მისივე თქმით, ოთხშაბათს ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები ძირითადად საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. „არ დავაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.