გიორგი კახიანი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა, დღესაც ჩატარდეს
გიორგი კახიანი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა, დღესაც ჩატარდეს

პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა, დღესაც ჩატარდეს.

„უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბარიერი არ იქნება და იარსებებს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი, არ იარსებებს საარჩევნო ბლოკი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მსგავსი შეხედულებები, რადგან არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, რომ 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდეს.

რაც შეეხება კენჭისყრის საკითხს, შესაძლებელია, კენჭისყრა დღესაც ჩატარდეს, იმ შემთხვევაში თუ კვორუმი იქნება დარბაზში. მაღალი მხარდაჭერა სჭირდება პროექტს, სულ ცოტა 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. უმრავლესობას ხმების ეს რაოდენობა არ აქვს, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.

შესაძლოა, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს. შესაძლოა, იყვნენ მაჟორიტარები ან ის პარლამენტის წევრები, რომლებსაც პროპორციული საარჩევნო სისტემის საწინააღმდეგოდ მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ“, – აცხადებს გიორგი კახიანი.