გიორგი კახიანი - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს საკუთარი განცხადებების ტყვეობაში ვხედავ
გიორგი კახიანი - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს საკუთარი განცხადებების ტყვეობაში ვხედავ

ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ პოზიცია, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით უჭირავს, არის მცდარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ფაქტია, ჩვენ მონდომებული ვართ, გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ პოზიცია, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით უჭირავს, არის მცდარი პოზიცია. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკებები იმდაგვარად დასრულდება, რომ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობის გარეშე ოპოზიციასთან დიალოგი ვერ მოხერხდებოდა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა მმართველი გუნდი იმის შესაძლებლობას, თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა, მოლაპარაკების საგანი შეიძლება, გახდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ არჩევნები ლეგიტიმურია და რიგგარეშე, ვადამდელი თუ ხელახალი არჩევნების თემა არ განიხილება.

„ჩვენ საქართველოში უკვე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც იყო კონკურენტული, თავისუფალი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ეს შეფასება მე არ მეკუთვნის. ეს შეფასება ეკუთვნის ეუთო/ოდირი-ს წარმომადგენლებს და ზოგადად, იმ სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ამ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ყველა საერთაშორისო მისიამ ასეთი შეფასება გააკეთა და იგივე გაიმეორეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. მსგავსი შეფასებები გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მეგობარი სახელმწიფოების ელჩებმა და ა.შ. ასე რომ, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისოდ არის აღიარებული და ამიტომ, ამ ნაწილში ყველაფერზე ვთანხმდებით. ამ ფონზე, როცა არჩევნები ლეგიტიმური იყო, თვალს ვადევნებთ ოპოზიციის მიერ მოგონილ სცენარს, ვითომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხომ ყველა ხვდება, რომ ეს სრული აბსურდია?! საქართველოში არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ ყალბდება“, – განაცხადა კახიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაწილში აპირებს დათმობას ხელისუფლება და რა წინადადებით წავა „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ნება რევიზიას არ ექვემდებარება, რაც წითელი ხაზია, ხოლო ამის იქით დეტალებზე საჯაროდ საუბარი არასწორი იქნება, რადგან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის რიგებში საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩვენ მონდომებას არ ვაკლებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ცხოვრებაში იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, აქაც არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქით ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გადავალთ“, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

როგორც კახიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თავიდან ვერ მიიღოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, მაგრამ მათ ამის შანის უნდა დარჩეთ.

„ჩემი აზრით, მათ ეს შანსი უნდა დავუტოვოთ. შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ სწორია პარლამენტში შემოსვლა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობა და არა ქუჩაში დარჩენა. ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა სწორედ ამას ეხებოდა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკური სივრცე დარჩეს ყველასთვის და მათ შორის, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად ფიქრობენ. ვიცი, რომ ოპოზიციის რიგებში ასეთები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორია საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობა და იქიდან ოპონირება. შესაძლოა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესების ტყვეობაში არიან და ამ ეტაპზე განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ვერც ბედავენ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს საკუთარი განცხადებების ტყვეობაშიც ვხედავ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დატოვე კომენტარი