გიორგი კახიანი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნები არ არის გზა, რითიც უნდა ვიაროთ, მათ დესტრუქცია და პოლიტიკური სპეკულაციები უფრო აინტერესებთ
გიორგი კახიანი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნები არ არის გზა, რითიც უნდა ვიაროთ, მათ დესტრუქცია და პოლიტიკური სპეკულაციები უფრო აინტერესებთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნები არ არის გზა, რითიც უნდა იაროს ქვეყანამ და მათ დესტრუქცია უფრო აინტერესებთ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის იმ შეთანხმების ერთგული, რომელიც საზოგადოების წინაშე დადო.

„დრო თავისას აკეთებს, ყველაფერი გამოჩნდა – ვინ ამბობდა სიმართლეს და ვინ იყო ტყუილის მხარეს. როცა ვამბობდით, რომ შეთანხმების ერთგული ვიქნებოდით და გვაკრიტიკებდნენ, თითქოს, ინიციატივის ჩაგდება გვინდოდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო. ის, ვინც გვაკრიტიკებდა, მათ თავად არ აწყობდათ ამ ინიციატივის მიღება. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არის იმ შეთანხმების ერთგული, რომელიც ჩვენ საზოგადოების წინაშე დავდეთ. ეს უკვე აჩვენა ორმა მოსმენამ, ინიციატივას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ძალიან კარგია, რომ პროექტს მხარი დაუჭირეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც. დარწმუნებული ვარ, ინიციატივას მესამე მოსმენით მივიღებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ისინი არიან დესტრუქციული ძალა. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და როგორც ჩანს, მათთვის არჩევნები არ არის ის გზა, რითიც უნდა ვიაროთ, არამედ დესტრუქცია და პოლიტიკური სპეკულაციები უფრო აინტერესებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.