გიორგი ჯიქია „ზენიტის“ ჩემპიონად გამოცხადების წინააღმდეგია
გიორგი ჯიქია „ზენიტის“ ჩემპიონად გამოცხადების წინააღმდეგია

მოსკოვის „სპარტაკის“ მცველმა და კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესთან“ ინტერვიუში უარყოფითად შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონი უნდა შეწყდეს და ჩემპიონად „ზენიტი“ გამოაცხადდეს.

„ვფიქრობ, გუნდი ჩემპიონად რომ გამოცხადდეს, დანარჩენებისთვის თეორიულადაც მიუწვდომელი უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გუნდი ჩემპიონად ოფიციალურად ვაღიაროთ. სხვაგვარად, აჯობებს, 30 ტური ჩავატაროთ და გამარჯვებული მოედანზე გამოვავლინოთ. თუ ტურნირი მაინც 22 ტურის შემდეგ დასრულდება, მაშინ სამართლიანი არ იქნება” – ამბობს „სპორტ-ეკსპრესთან“ ჯიქია.

რუსეთში სეზონის დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ფეხბურთის კავშირის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ალაევმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია განიხილავს ვარიანტს, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრემიერ ლიგის ჩემპიონად გამოცხადდება „ზენიტი“, რომელიც გათამაშებას ლიდერობს – პეტერბურგელებს მოსკოვის „ლოკომოტივი“ ცხრა ქულით ჩამორჩება.