გიორგი ჯინჯოლავა – „ფლორასთან“ გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ ტალინის „ფლორასთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე შანსებსა და გულშემატკივრის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ტალინში პირველი ნახევარი სანახაობრივი იყო და სასურველი შედეგიც მივიღეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდი ცოტა მოეშვა, რა დროსაც ორი ბურთი გავუშვით. 90 წუთს ჩავარდნის გარეშე ვერავინ ჩაატარებს, მაგრამ ახლა ეს მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. „ფლორა“ ძლიერი გუნდია და თავისი პლუსები აქვს – ფიზიკურად ძლიერები არიან და ბევრს მოძრაობენ, ვეცდებით, ამ პლუსების გამოყენების საშუალება არ მივცეთ.
იმედი მაქვს, თამაშზე ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და პირველი მატჩი მოვიგეთ. რაც უფრო მეტი ქომაგი იქნება სტადიონზე, უფრო დიდ მოტივაცია გაგვიჩნდება და ეს ჩვენს თამაშზეც აისახება, ამიტომ მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება“.
„იბერიამ“ ტალინში „ფლორასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 3:2 მოიგო და წყვილის ფავორიტია.
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.