გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა – მშვიდად და თავაწეული ვტოვებ მინდორს, ბოლომდე ვიბრძოლე #1TVSPORT

22:52, 11.09.2026

გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა – საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, რომელმაც ევრო 2024-ზე ითამაშა, გადაწყვეტილების მიზეზად ქრონიკული ტრავმები დაასახელა.

„გადავწყვიტე, დავასრულო საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.

იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო. ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა. მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ბოლომდე ვიბრძოლე“.

მსგავსი