გიორგი გველესიანი შეუჩერებელია - ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გიორგი გველესიანი შეუჩერებელია - ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT

გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „პერსეპოლისს“ „მეს კერმანთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

ირანის პროლიგის 26-ე ტურის შეხვედრა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა „პერსეპოლისის“ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მთავარი გმირი გახდა.

გველესიანის გუნდი „მეს კერმანს“ გასვლაზე დაუპირისპრდა და სადეგის გოლით (22 წუთი) დაწინაურდა. 26-ე წუთზე სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ქართველმა მცველმა უნაკლოდ შეასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა პურალიგანჯის (63) გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 85-ე წუთზე „პერსეპოლისმა“ პენალტის დარტყმის უფლება მეორედ მოიპოვა, დასარტყმელად ისევ გველესიანი მივიდა, კვლავ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

გიორგი გველესიანი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ მცველია, გოლები ხშირად გააქვს. მან ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ დროისთვის ექვსი გოლით „პერსეპოლისის“ საუკეთესო ბომბარდირია.

ქართველის გუნდმა 54 ქულა დააგროვა, ჩემპიონატში გალიდერდა და ორი ქულით გადაასწრო „სეფაჰანსა“ და „ესტეგლალს“, რომლებსაც ტურის მატჩები გასამართი აქვთ.