გიორგი გულიაშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ის ორ მატჩს მაინც გამოტოვებს #1TVSPORT

11:49, 05.04.2025

ტრავმირებულ გიორგი გულიაშვილს დიაგნოზი დაუსვეს და ცნობილი გახდა, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრავმა მძიმე არ არის, თუმცა, მინიმუმ, ორ შეხვედრას მაინც გამოტოვებს, – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა „ფაქტორი“ ავრცელებს.

„ბოსნია-ჰერცეგოვინის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში „სარაევო“ 0:1 დამარცხდა „ბორეცთან“. გუნდის სამწვრთნელო შტაბისთვის დამატებითი სატკივარი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის ტრავმა გახდა.

37-ე წუთზე გულიაშვილმა მოედანი დატოვა. როგორც ირკვევა, ქართველის ტრავმა სერიოზული არ არის. უფრო კონკრეტულად, თავდამსხმელს კუნთი მსუბუქად დაუზიანდა. ვითარების სრულად გასარკვევად მას ამ დროისთვის დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

არაოფიციალური პროგნოზით, გულიაშვილი კლუბის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს. საუბარია ჩემპიონატის შეხვედრებზე „გოსკ გაბელასთან“ (5 აპრილს) და ლიდერ „ზრინსკისთან“ (12 აპრილს). ასევე, შესაძლებელია, „ბორაცთან“ თასის განმეორებითი მატჩიც (15 აპრილს) გამოტოვოს.

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ გულიაშვილი მკურნალობას დაიწყებს. „სარაევოში“ ყველა იმედოვნებს, რომ ის მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება, რადგან ყველას კარგად ესმის, თუ რამდენს ნიშნავს ის გუნდისთვის“, – წერს ბოსნიური გამოცემა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოსნიის თასის ხუთ შეხვედრაში კი 4 გოლი აქვს გატანილი. ჯამში, „სარაევოს“ მაისურით 44 ოფიციალურ მატჩში მის ანგარიშზე 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი