გიორგი გულიაშვილი ტრავმის გამო ივნისში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი ტრავმის გამო 2025-2026 წლების სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს – საქართველოს ნაკრებისა და სანტანდერის „რასინგის“ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„რასინგის“ ქართველმა ლეგიონერმა ტრავმა „ვალიადოლიდთან“ მატჩის დროს მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. გამოკვლევების შემდეგ გულიაშვილს მარჯვენა ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდასტურდა, რომლის მკურნალობას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება, შესაბამისად, იგი ივნისში საქართველოს ნაკრების თამაშებსაც (2 ივნისს რუმინეთთან, 5 ივნისს ბაჰრეინთან) გამოტოვებს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
„რასინგმა“ ესპანეთის ლა ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სწორედ „ვალიადოლიდთან“ მატჩის შედეგით (4:1) მოიპოვა. გულიაშვილმა კი ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 17 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.