გიორგი გულიაშვილი: ხორვატიასთან გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აქამდე გამიტანია
გიორგი გულიაშვილი: ხორვატიასთან გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აქამდე გამიტანია

„თამამად ვიტყვი, რომ ხორვატიასთან გოლი ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქამდე გამიტანია“ –  განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ- აუტში“ სტუმრობისას.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ მინიტურნირზე სამივე თამაში მოიგო: მასპინძელ უნგრეთთან– 4:2, ყაზახეთთან – 3:1, ხოლო ფავორიტად აღიარებულ ხორვატიასთან– 2:0 და ევროპის ჩემპიონატის რაუნდის საგზური მოიპოვა. „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გოლები უნგრეთთან და ხორვატიასთან გაიტანა.

გიორგი გულიაშვილის თქმით, განსაკუთრებული მოტივაცია თვითონ ხორვატებმა მისცეს: „ხორვატებისგან ქედმაღლურ დამოკიდებულებას ვგრძნობდით და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხედავ, რომ ასე გექცევიან, ეს მოქმედებს. თანაც ვიცოდით, რომ  გამარჯვება ელიტ რაუნდის წილისწყრაზე წაგვადგებოდა“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გულიაშვილმა ასაკობრივ ნაკრებებში რეკორდული რაოდენობის, 36 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ელიტ რაუნდის წილისყრა 3 დეკემბერს „უეფას“ შტაბბინაში, ნიონში გაიმართება და მონაწილე 28 გუნდის ვინაობა ცნობილი გახდება.