გიორგი გულიაშვილი - ინგლისის კარში დუბლი ძალიან ემოციური მომენტია #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი - ინგლისის კარში დუბლი ძალიან ემოციური მომენტია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა ბათუმში ინგლისთან მოგებულ (3:2) ამხანაგურ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ბათუმში, გულშემატკივრების წინაშე პირველად ვითამაშეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყვნენ და გვგულშემატკივრობდნენ, რის გამოც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება თამაშს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეთი დონის მეტოქეს პირველად შევხვდით და ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვუგეთ“ – ამბობს გიორგი გულიაშვილი.

„საბურთალოს“ 20 წლის თავდამსხმელი მატჩის გმირი გახდა – გიორგიმ ბრიტანელებთან დუბლი შეასრულა და ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

„როდესაც ინგლისს ორ გოლს გაუტან, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ემოციური მომენტია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო და ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში ჩემი გოლებით დავეხმარე“, – განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.