გიორგი გულიაშვილი: 19 - წლამდელთა ნაკრების წარმატება კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარება
გიორგი გულიაშვილი: 19 - წლამდელთა ნაკრების წარმატება კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გულიაშვილი იმედოვნებს, რომ ნაკრები წარმატებულ გამოსვლას ელიტ რაუნდშიც გააგრძელებს.
 
„საბურთალოს“ თავდამსხმელმა უნგრეთში გამართულ შესარჩევ ციკლში (სადაც გუნდი პირველი ადგილზე გავიდა) ორი გოლი გაიტანა და 19-წლამდელებს უნგრეთთან და ხორვატიასთან მოგებაში დაეხმარა.
„შესარჩევ ციკლში ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სამივე შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და დამაჯერებალდ გავიმარჯვეთ. თავიდან ჩვენს წარმატებას ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან უნგრეთი ძლიერია და სახლში თამაშობდა, ხორვატიას კი ყველა დონეზე ძლიერი გუნდი ჰყავს. ამ თამაშების შემდეგ ელიტ რაუნდს ყველა იმედით ველოდებით – ბიჭებს დიდი იმედი გაგვიჩნდა, რომ ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი გულიაშვილი.
„საბურთალოს“ თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ წარმატებული სანაკრებო გამოსვლა კარიერულ წინსვლაში დაეხმარება: „ტურნირს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა, რადგან ჩვენს ასაკს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი სტიმულია – 19-წლამდელთა ნაკრების წარმატება თითოეულ ფეხბურთელს კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარება“.