გიორგი გუგავა - ლაშა ჩხარტიშვილი გაიტაცეს, როგორც ლეკიანობის დროს იტაცებდნენ ჩვენი ქვეყნის შვილებს
გიორგი გუგავა - ლაშა ჩხარტიშვილი გაიტაცეს, როგორც ლეკიანობის დროს იტაცებდნენ ჩვენი ქვეყნის შვილებს

ლაშა ჩხარტიშვილი გაიტაცეს ისე, როგორც ლეკიანობის დროს იტაცებდნენ, დაირღვა მისი უფლებები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განაცხადა. მისი თქმით, ჩხარტიშვილს არ მიეცა ადვოკატთან გასაუბრების უფლება და მის ადგილსამყოფელსაც მალავდნენ. ასევე, დაკავებულს არ გააცნეს საქმის მასალები.

„შეშინებული და დამფრთხალი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიული ღონისძიებების გამოყენებას, ბრუტალურ ძალაზეა გადასული. მშვიდობიანი აქციიდან გაიტაცეს ლაშა ჩხარტიშვილი, ასევე გიორგი პარუმბეგოვი და დიმიტრი ლიპარტელიანი. ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან, გახდა დესტრუქციის წყარო. რაც მეტად გაამძაფრებს რეპრესიულ ღონისძიებებს, მით უფრო დააჩქარებს თავის აღსასრულს, რომელიც მოახლოებულია. ლაშა ჩხარტიშვილი გაიტაცეს, როგორც ლეკიანობის დროს იტაცებდნენ ჩვენი ქვეყნის შვილებს“, – განაცხადა გუგავამ.

ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე დააკავეს. მისი ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 19:00 საათისთვის გადადო. მოსამართლემ მანამდე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ჩხარტიშვილი 300 ლარით დააჯარიმა და სხდომიდან გააძევა.