გიორგი გოჩოლეიშვილი - „კოპენჰაგენში“ ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები“ #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი - „კოპენჰაგენში“ ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები“ #1TVSPORT

დანიურმა ტელეკომპანია sport.tv 2-მა ინტერვიუ ჩამოართვა „კოპენჰაგენისა“ და საქართველოს ნაკრების მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს.

„ამ სპორტსმენს ახსოვს თამაშები, რომლებიც 3-4 საათი გრძელდებოდა, რადგან მატჩების დასრულებას საჰაერო თავდასხმის სირენები აფერხებდა. დონეცკის „შახტარში“ გიორგი გოჩოლეიშვილის ისტორია შიშსა და გაურკვევლობას შეიცავს, მაგრამ დანიაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

„კოპენჰაგენში“ თამაშის პერიოდში გიორგი გოჩოლეიშვილის ვაჟს ჯანმრთელების პრობლემა შეექმნა და ფეხბურთელის თქმით, ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბროს, როდესაც საქმე კეთილად დასრულდება. ის მორწმუნე, ფრთხილი და მშვიდი ადამიანია. ინტერვიუს დროს ნერვიულობდა, ინგლისური ჯერ კარგად არ იცის, მაგრამ ცდილობს, ისაუბროს, საიდან მოდის და როგორი იყო „კოპენჰაგენში“ გატარებული ბოლო ექვსი თვე“, – წერია დანიური ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს შესავალში.

„მახსოვს, როგორ გამიხარდა, როცა დანიაში პირველი დერბი მოვიგე, ფანტასტიკური ემოცია იყო. ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე გავდივარ და „კოპენჰაგენის“ გულშემატკივრების რეაქცია მესმის.

არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი ცხოვრება დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა. როცა დონეცკის „შახტარში“ ვთამაშობდი, ომი ძალიან ახლოს იყო. მახსოვს, საჰაერო თავდასხმის სირენის ხმები, ამას უბრალოდ ვერ დაივიწყებ, ძალიან რთული სიტუაცია იყო. თამაშის დროს საჰაერო თავდასხმის სირენა ირთვებოდა და თამაში წყდებოდა. ზოგჯერ მატჩის დასასრულებლად 3-4 საათი გვჭირდებოდა.

როცა ვარჯიშზე ვიყავი, ჩემი მეუღლე ხშირად მარტო რჩებოდა სახლში. სასიამოვნო არ იყო იმაზე ფიქრი, რომ დაბომბვის დროს თავშესაფარში ჩასვლა უხდებოდა. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ამჟამადაც „შახტარში“ თამაშობს, რეგულარულად ვუკავშირდები და ამბებს ვეკითხები. უკრაინელ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან მათი ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

უსაფრთხოების მხრივ დანიაში კონტრასტი თვალში საცემია. აქ არ მეშინია ვარჯიშზე წასვლა და მეუღლის სახლში დატოვება, სანერვიულო არაფერი მაქვს. დანიაში ცხოვრება მრავალი თვალსაზრისით შესანიშნავია. ეს ჩემი თანაგუნდელების, პერსონალის და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც „კოპენჰაგენში“ მუშაობენ. ვგრძნობ, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვარ.

მადლობას ვუხდი კლუბს მძიმე წუთებში მხარდაჭერისთვის. ეს იყო განსაკუთრებული გუნდური სულისკვეთება, რომელიც განვიცადე. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ მოედანზე და მის მიღმაც, რაც ჩვენი მწვრთნელის, იაკობ ნეესტრუპის დამსახურებაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, კარგი ადამიანი და, ამასთანავე, ძლიერი სპეციალისტია.

ზაფხულში კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება მიმთავრდება და თუ „კოპენჰაგენი“ კონტრაქტში ჩადებულ ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციას არ გამოიყენებს, „შახტარში“ დავბრუნდები. არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, „კოპენჰაგენს“ წარმატების მიღწევაში დავეხმარები“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.