გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგმა“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგმა“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგმა“ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას 2025/26 წლების სეზონში იჯარით დაიცავს, ის გუნდს დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდა.

„გიორგი გოჩოლეიშვილის სახით გამორჩეული თვისებებისა და და ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. ის ცნობილია, როგორც გუნდური და შრომისმოყვარე მოთამაშე. ვფიქრობთ, გიორგი სარგებელს არა მხოლოდ ჩვენს დაცვას, არამედ მთლიანად გუნდს მოუტანს“, – განაცხადა ჰამბურგის დირექტორთა საბჭოს წევრმა, შტეფან კუნცმა.

„გიორგი სწრაფი და ძლიერი განაპირა მცველია, აქვს კარგი დაცვითი უნარები, ამას გარდა, ძალიან კარგად ერთვება შეტევაში და გამუდმებით ქმნის სახიფათო მომენტებს“, – თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კლაუს კოსტამ.

ახალ კლუბში გადასვლაზე კომენტარი თავად გოჩოლეიშვილმაც გააკეთა:

„მოხარული ვარ, რომ „ჰამბურგში“ ჩემი ტრანსფერი განხორციელდა. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. „შახტარში“ თამაშის პერიოდიდან ჰამბურგის სტადიონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები მაქვს, ახლა მინდა, ეს ყველაფერი ამ გუნდის ფეხბურთელის რანგში განვიცადო და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯები“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გერმანულ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს“ ესპანეთში შეკრებაზე შეუერთდება, სადც გუნდი ახალი სეზონისთის ემზადება.