გიორგი გოჩოლეიშვილი - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს დიდი იმედით ველოდები #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს დიდი იმედით ველოდები #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარში“ ჩაირიცხა და უკრაინულ გრანდში სადებიუტო მატჩი რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ახალ კლუბთან ადაპტაციამ კარგად ჩაიარა და გუნდს მარტივად შევეწყე. ფეხბურთელები და მწვრთნელები დამეხმარნენ. კარგი, მეგობრული გარემო დამხვდა, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ახლა ლვოვში, სასტუმროში ვცხოვრობთ. თავდაპირველად ვარჯიშებთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ნორმალურადაა.

„შახტარში” სადებიუტო შეხვედრაში მარჯვენა შემტევად ვითამაშე, თუმცა ვარჯიშებზე მწვრთნელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე მაყენებდა.

რატომ ვერ მოვხვდი „შახტარის“ განაცხადში ევროპის ლიგაზე? მწვრთნელმა ამიხსნა, რომ ამ ეტაპზე ეს ლეგიონერებზე ლიმიტის გამო ვერ მოხერხდა. თუმცა, გუნდთან ერთად საფრანგეთში ვიყავი (ევროპის ლიგაზე „შახტარმა“ ფრანგული „რენი“ პენალტების სერიაში დაამარცხა) და ძალიან ვინერვიულე.

ყველა ფეხბურთელს სურს უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში, არც მე ვარ გამონაკლისი. გასულ წელს „საბურთალოში“ არ მქონდა ცუდი სეზონი, გოლებიც გავიტანე და ევროტურნირებზეც ვითამაშე. მიწვევდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში, დიდი როლი ითამაშა ინგლისის ნაკრებთან გატანილმა ბურთმა, რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. წლის მიწურულს ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს, რითიც ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველოდები 21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება, რაც ორმაგი მოტივაციაა. ძალიან მაღალი დონის ნაკრებები ითამაშებენ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. კარგი და პერსპექტიული გუნდი გვყავს. გულშემატკივრებიც გვერდში დაგვიდგებიან და მჯერა, სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ.

„საბურთალოს“ ფეხბურთელებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. მთელი ბავშვობა ამ გუნდში გავატარე და მუდამ მისი ქომაგი ვიქნები. მინდა, წარმატებები ვუსურვო. ვუყურე საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრას, რომელშიც „საბურთალო“ ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი და, ვფიქრობ, გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრა შეუძლია“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.