გიორგი გიორგაძე - რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის
გიორგი გიორგაძე - რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის

დღეს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ რუსეთიდან, კერძოდ ხანტი მანსიისკიდან ჩამოსულმა დელეგაციამ სასაჩუქრე ჩანთები დაარიგა, რომელშიც მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იდო, რუკაზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო დატანილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ გააკეთა.

„როგორც კი ეს გავიგეთ, დავუკავშირდით რუსეთის ფედერაციას და მოვითხოვეთ განმარტება. ისინი ბოდიშს იხდიან ამ გაუგებრობისათვის და ამბობენ, რომ ეს არის მექანიკური შეცდომა. გაარკვევენ, ვისი ბრალია, სტამბის თუ შემკვეთის. ხვალისთვის უკვე შეუკვეთეს ახალი რუკები და ხელახლა დაარიგებენ”, – განაცხადა გიორგაძემ.

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე იმყოფებიან,  განცხადებას გაკეთებას სასტუმრო “შერატონში” გეგმავენ.