გიორგი გეგუჩაძე - „ლოკომოტივში“ გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო #1TVSPORT
გიორგი გეგუჩაძე-უმცროსმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივს“ გაწვრთნის, გუნდში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ეს ჩემი პირველი კლუბია, სადაც მთავარ მწვრთნელად ვიმუშავებ. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელობა კი დიდი პატივი და ამასთანავე, ორმაგი პასუხისმგებლობაა.
გუნდში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ნიკა ჭანტურია დაინიშნა, ამავე დროს, გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. რაც მახარებს და მივესალმები. ნიკა თითოეულ ფეხბურთელს კარგად იცნობს და ამ კუთხითაც ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა დიდი ძალაა ჩვენთვის. ვფიქრობ, ეს ცვლილებები სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება.
ახალგაზრდა მოთამაშეების ზრდა და განვითარება ჩვენი სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია. ახალ სეზონში დიდი გამოწვევები გველის. დარწმუნებული ვარ, რომ შრომითა და მონდომებით ყველა სირთულეს დავძლევთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით, კიდევ უფრო გავძლიერდეთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალ სეზონში მტკიცე და სტაბილურ გუნდს ჩავუყაროთ საფუძველი, რათა მომავალი წლიდან დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამ ამოცანების მისაღწევად ყოველდღიურად დაუღალავად ვიშრომებთ“, – განაცხადა გიორგი გეგუჩაძემ.