გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და აღინიშნა, რომ საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთისთვის სანდო და საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რისი დადასტურებაც არის, მათ შორის, ფინანსური დახმარება, 190 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საფრანგეთის განვითარების ფონდმა საქართველოსთვის გამოყო.

პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ და დიეგო კოლასმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია AirFrance-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს.