გიორგი გახარიამ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა
გიორგი გახარიამ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპარლამენტში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტართან – „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროს რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან – ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.

პარტიაში აცხადებენ, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ვროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დილიდან დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. გიორგი გახარია უკვე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს. ფოტოზე გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფება ნატალია საბანაძე, რომელმაც 21 მარტს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.