გიორგი გახარია - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არის კეთილსინდისიერი საშუალო ბიუროკრატია, „ნაცმოძრაობის“ თავდასხმების მსხვერპლია, მათ აბულინგებენ და აშინებენ, მათ კი არა, მეც მემუქრებიან
გიორგი გახარია - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არის კეთილსინდისიერი საშუალო ბიუროკრატია, „ნაცმოძრაობის“ თავდასხმების მსხვერპლია, მათ აბულინგებენ და აშინებენ, მათ კი არა, მეც მემუქრებიან

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არის კეთილსინდისიერი საშუალო ბიუროკრატია, „ნაცმოძრაობის“ თავდასხმების მსხვერპლია, მათ აბულინგებენ და აშინებენ, მათ კი არა, მეც მემუქრებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ მთავრობის მუშაობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მუშაობდნენ.

„როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „თქვენ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებთ“, დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ ქვეყანაში თუკი ვინმე არის, ეს არის კეთილსინდისიერი, საშუალო ბიუროკრატია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური კონიუქტურის გაუთვალისწინებლად და ამ კონიუქტურიდან ცალკე, ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემსახურებიან.

შეიძლება, პოლიტიკური დაკვეთების კონტექსტში, მათ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ – ვიღაცას ჰქონდა მეტი, ვიღაცას ჰქონდა ნაკლები, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური და პირველ რიგში, ბიუროკრატია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ მისი ძირითადი განმსაზღვრელი, შემფასებელი არგუმენტები უნდა იყოს ეფექტურობა და კეთილსინდისიერება, სხვა ყველაფერი არის შეუძლებელი. მაშინ გამოდის, რომ ეს ბულინგის მსხვერპლი ხალხი, რატომ არიან ცუდ დღეში? არიან, როგორც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, დღეს, თქვენი მხრიდანაც. მაშინ როდესაც, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქვეყანას და მათი კარიერული წინსვლა, ზრდა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია უნდა იყოს შენარჩუნებული, იმისდა მიუხედავად ვინ დგას ამ მიკროფონთან ან ხვალ ვინ იქნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური თავდასხმების შედეგად, წლების განმავლობაში ვერ შეიქმნა ეფექტური ბიუროკრატია.

„თუ ასე გავაგრძელებთ, ვერ შევქმნით, რადგან ეს ბიუროკრატია ხან არის „ნაცმოძრაობის“ თავდასხმების მსხვერპლი და ამ ხალხს უბრალოდ აბულინგებენ და აშინებენ. მარტო მათ არა, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებიან. მათ კი არა, მეც მემუქრებიან. ისევე როგორც, ახლა თქვენი მხრიდან გახდნენ თავდასხმის შედეგი.

არის ორი მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც ჩვენ გვაქვს – ეს არის სიცრუე, როგორ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოქალაქეზე, ეს არის რევანშის ერთ ინსტრუმენტი და მეორე არის დეპრესიამდე მიყვანილი, დაბულინგებული ბიუროკრატია, რომელიც არის გაშეშებული და უბრალოდ, სახელმწიფო დაიცვას კი არა, თავისი თავის დაცვის პრობლემა აქვს.

შესაბამისად, პირველ რიგში, მე ამ ადამიანებს მინდა მხარი დავუჭირო და დავპირდე მათ, რომ მათი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მათი კომპეტენცია, ეფექტურობა და კეთილსინდისიერება და სხვა არაფერი. მათ კარიერული ზრდის ძირითადი მოტივებიც იქნება ეს. მე ვიცავ ეფექტურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ამ საჯარო მოხელის გარეშე, ეს სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს. განსაკუთრებით ვიცავ ამ საჯარო მოხელეების საშუალო რგოლს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ყოველდღიური მხარდაჭერა, მათ პროფესიონალიზმის ზრდა და მათ ყოველდღიური ზოგ და ხშირ შემთხვევაში, გმირული ქმედებების შეფასება და დანახვა უბრალოდ და არა ბულინგი, იმისთვის რომ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.