გიორგი გახარია – ვიქნებით კეთილსინდისიერი და ამ შემთხვევაში, მეტის მოთხოვნა შეგვიძლია მოქალაქეებისთვის, რათა ჩვენთან ერთად, 24 საათი იშრომონ ქვეყნის განვითარებისთვის
ვიქნებით კეთილსინდისიერი და ამ შემთხვევაში, მეტის მოთხოვნა შეგვიძლია მოქალაქეებისთვის, რათა ჩვენთან ერთად, 24 საათი იშრომონ ქვეყნის განვითარებისთვის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე პარლამენტში.
გახარიამ სხდომის დასასრულს დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პრინციპი, რომლითაც იმუშავებს, იქნება, ნაკლები ინიციატივები და მეტი საქმე.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს უდიდეს პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა იცოდეთ, რომ პრინციპი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ეს იქნება ნაკლები ინიციატივები და მეტი საქმე, ეფექტურობა და რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერება.
კეთილსინდისიერება არის ის ძირითადი, რითაც სხვა ყველაფერი იძენს ფასს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიუროკრატია იყოს ეფექტური და იყოს კეთილსინდისიერი.
ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ასევე თხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ და ჩვენთან ერთად, 24 საათი იშრომონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვავითაროთ. ამიტომ, ეს არის ის ძირითადი პრინციპები პრინციპების დონეზე. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ პლენარული სხდომის ფარგლებში კიდევ უფრო შინაარსობრივ საუბარს და შევძლებთ, გუნდთან ერთად თქვენ დაგიმტკიცოთ, რომ ეს იქნება ეფექტური ქმედების და შედეგის მოტანის წელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.