გიორგი გახარია - უმძიმესი ემოციების ფილმია „შინდისი“, ქედს ვიხრი იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც გაზარდეს შინდისის გმირები

უმძიმესი ემოციების ფილმია „შინდისი“, ქედს ვიხრი იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც გაზარდეს შინდისის გმირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ნახვის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფილმის გადამღებ ჯგუფს.

„სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია. ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და უნდა შეიგრძნოს.

მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები – 17 ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე.

მინდა, თითოეულ მოსახლეს, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. საერთოდ, მსგავსი ​ფილმები, მსგავსი გმირული ქმედებები და საქციელი აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, უპირველესად იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ჩვენებას მთავრობის წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ.

დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი.

დატოვე კომენტარი