გიორგი გახარია - თითოეული პოლიციელი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას - ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ და ეს სისტემას ვერ დაანგრევს, რადგან სისტემა უკვე არის ჯანსაღი
გიორგი გახარია - თითოეული პოლიციელი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას - ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ და ეს სისტემას ვერ დაანგრევს, რადგან სისტემა უკვე არის ჯანსაღი

თითოეული პოლიციელი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას – ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ და ეს სისტემას ვერ დაანგრევს, რადგან სისტემა უკვე არის ჯანსაღი, – ამის შესახებ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე დასმულ კითხვას გიორგი გახარიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დაფიქსირდა უფლებამოსილების გადამეტების ინდივიდუალური გამოვლინებები, მაგრამ დღეს პოლიცია არის უკვე სხვა, თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი.

„რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ასევე მინდა ვთქვა, რომ ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები, უფლებამოსილების გადამეტების სამწუხაროდ დაგვიფიქსირდა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ.

მაგრამ, მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ასევე გითხრათ, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი.

ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, რადგან სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.