გიორგი გახარია - შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც გყავს სასოწარკვეთილი ოპოზიცია
გიორგი გახარია - შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც გყავს სასოწარკვეთილი ოპოზიცია

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“ ეს არის ერთი ჯგუფი, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დღეს გამართული შეხვედრების შესებისას.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი ხელში მიკროფონი ჩაიგდო.

„პირველი, რაც მინდა გითხრათ, დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ უბრალოდ, ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის და უბრალოდ, ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ.

ეს არის რაღაც ძალზედ გასაკვირი ფორმატი, საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“ ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, შექმნას გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც არის ასეთი ოპოზიცია.

„პრობლემა არის კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიცია, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი შინაარსობრივ დისკუსიაში შევიდეს.

და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. რაც მთავარია, მიკროფონის ხელში ჩაგდებით, არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ, ვუპასუხოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს მაყურებლები ნახავენ, პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.