გიორგი გახარია - შემოდგომისთვის ყველა მხარე ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას
გიორგი გახარია - შემოდგომისთვის ყველა მხარე ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის პოლიტიკა და ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც შსს-ს აქვს დანაშაულთან დაკავშირებით.

„რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდგომ, დაახლოებით შემოდგომისთვის ყველა მხარე ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას. სტატისტიკური მონაცემები, რომელიც უკვე არის, აშკარად გვიჩვენებს დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით ზრდას. ეს განსაკუთრებით გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე ფიზიკური ზემოქმედების ნაწილში, მსუბუქი დაჭრების ნაწილში, მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში. სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლდება სამინისტროს მიერ, თუმცა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეფექტური და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე ამ მიმართულებით შედეგი იყოს, რათა თითოეული მოქალაქე წყნარად და მშვიდად შრომობდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ასეთი შეხვედრები.

„საუბარი იყო იმ საკითხზე, თუ რა არის შს სამინისტროს სამომავლო მიზნები, რაც შეეხება დანაშაულთან ბრძოლას. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება დანაშაულის სტატისტიკა მივიღოთ და დავამუშაოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ცხადია, დანაშაულის გახსნის ტენდენცია არსებობა და ეს არის პოზიტიური, თუმცა მოსახლეობა ელოდება იმას, რომ პოლიცია დაამყარებს წესრიგს. იმისთვის, რომ წესრიგი დავამყაროთ, შეგვიძლია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გამოვიყენოთ და ძალიან მკაცრი პოლიტიკა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ან შემოვიტანოთ ორი კომპონენტი – დანაშაულთან ბრძოლა და ასევე ის კომპონენტი, რომელიც იწვევს ამ დანაშაულის ჩადენას, ეს არის ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.