გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ
გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ

წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, – ასე მიმართა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ რომან გოცირიძეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ინტერპელაციის წესით შეკითხვებს პასუხობს.

„ბატონო რომან, ჩვენი სამწუხარო რეალობა იმაშია, რომ თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთან პენსიონერების, ბავშვების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, აღარ იყოს. თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ“, – მიმართა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, იცის თუ არა, რატომ გაათავისუფლეს პრემიერობიდან გიორგი კვირიკაშვილი.

„ბატონო პრემიერო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, არის სიცრუე. თქვენ აქ მოგვაწოდეთ წერილობით რაღაც დოკუმენტები. მე მინდა, დაგისვათ კითხვა, იცით თუ არა რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი ბატონი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაერო-ს მსოფლიო ფონდის კვლევებით მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამიტომ მოხსნეს, ასე ამბობენ. სინამდვილეში, სხვა რამის გამო მოხსნა, როგორც თქვენც მოგხსნით მალე, მაგრამ ეს სხვა საკითხია. 2015 წელს ბავშთა სიღარიბე იყო 2.5 მეათედი პროცენტი, 2017-ში გახდა 6,8.

აი, ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც თქვენ წაგვიკითხეთ. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015-ში იყო 1,7 პროცენტი; 2017-ში გახდა 3,7 პროცენტი. მთლიანი სიღარიბე ქვეყანაში იყო 2.5 პროცენტი, უკიდურესი მთლიან მოსახლეობაზე, 2017-ში გახდა 6.8 პროცენტი. ამის მერე, სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს. თქვენს მიერ მოტანილი ყველა ციფრი არის ტყუილი.

ასევე, როდესაც ამბობდით, რომ ზრუნავდით პენსიონერებზე, 75 დოლარია დღეს პენსია, ბატონო პრემიერო, როდესაც 2013 იყო 90 დოლარი. არ თქვათ ახლა, დოლარებში რატომ ითვლითო. პენსიონერების ინფლაცია დათვალეთ, რამდენჯერ გაიზარდა საქართველოში ფასები. საქართველოს მოსახლეობის 69 პროცენტი არის უკიდურეს სიღარიბეში, მსოფლიო ბანკის კვლევით და მხოლოდ შვიდი პროცენტი არის საშუალო ფენა. ეს არის საერთაშორისო ინფორმაცია“, – მიმართა გოცირიძემ გახარიას.

დატოვე კომენტარი