გიორგი გახარია - ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღებელი, აქ რაღაც მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს, აქ არის ჩვეულებრივი წერტილი
გიორგი გახარია - ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღებელი, აქ რაღაც მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს, აქ არის ჩვეულებრივი წერტილი

ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღებელი, აქ რაღაც მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს, აქ არის ჩვეულებრივი წერტილი, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

„მინდა, აქცენტი გავამახვილო ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან. სამწუხაროდ, ჩემთვის არის უდიდესი იმედგაცრუება, დღეს რომ ვხედავ ასეთ გარემოს. „ოცნების“ დღევანდელი ბოსები, ხელმძღვანელობა და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს. ფაქტობრივად, უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია და ყოველთვის ვამბობ, ზოგიერთმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს – ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“. დიახ, ძალადობის ის ესთეტიკა, რომელზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ, მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში, უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ახასიათებს ამ პარტიას დღეს, მის ხელმძღვანელობას​“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა გახარიას შეკითხვა დაუსვეს, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

„გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მორალური პასუხისმგებლობაა. საბოლოო ჯამში, თავისი მოქალაქეებისა და საკუთარი მხარდამჭერების წინაშე. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, აქ მისი მრჩეველი ვერ ვიქნები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.