გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად თქვენი არჩევა არის შთამბეჭდავი გზავნილი, რომ დღეს პლანეტაზე ყველა ქალს შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა
გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად თქვენი არჩევა არის შთამბეჭდავი გზავნილი, რომ დღეს პლანეტაზე ყველა ქალს შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის.

წერილის ქართულ თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს:

„ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დღეს ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა.

2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ძალა და სიმტკიცე. შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, საქართველომ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის წყალობით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა სახელისუფლო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების გატარება, კარგი მმართველობის პრაქტიკის და კანონის უზენაესობის განმტკიცება იქნება საქართველოს ახლად არჩეული მთავრობის მთავარი პრიორიტეტები.

ჩვენი ერები იზიარებენ საერთო პრინციპებს, იდეალებსა და სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მტკიცე მოკავშირეს რეგიონსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ბოლო ათწლეულებში საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ავანგარდში იმყოფება, დგას რა ამერიკელი მებრძოლების გვერდით მსოფლიოს ცხელ წერტილებში. საქართველო ამაყობს ღირებული პარტნიორის სტატუსით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

თითქმის სამი ათწლეულის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენი პარტნიორობა გადაიზარდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ძლიერ ალიანსში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რისთვისაც გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას არაერთ სფეროში, დაწყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ეკონომიკით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პირადი ერთგულება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების მიმართ.

და ბოლოს, გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების გზების განხილვის მიზნით. იმედითა და ოპტიმიზმით შევყურებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას“, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისალოც წერილს უგზავნის ასევე ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.