გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - იმის შესახებ, რომ გავრილოვი სადღაც იბრძოდა, უბრალოდ ტყუილს ეუბნებით საზოგადოებას, თუ არსებობს ფაქტები, მოიტანეთ და გვანახეთ
გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - იმის შესახებ, რომ გავრილოვი სადღაც იბრძოდა, უბრალოდ ტყუილს ეუბნებით საზოგადოებას, თუ არსებობს ფაქტები, მოიტანეთ და გვანახეთ

პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მიმართა რამდენიმე კითხვით, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

„იცოდით თუ არა თქვენ რაღაც დროით ადრე, რომ ტარდებოდა ეს ღონისძიება – ე.წ. მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა თბილისში. რაღაც დროით ადრე გაგაფრთხილეს თუ არა“, – მიმართა ბოკერიამ გახარიას, რაზეც თანხმობა მიიღო. გახარიამ აღნიშნა, რომ არ ახსოვს, თუ ვინ შეატყობინა ეს.

რაც შეეხება საკითხს, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ საკითხზე განხილვა, გახარიამ თქვა, რომ ასეთი განხილვა არ ყოფილა.

ამასთან, მან გიგა ბოკერიას მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ არ იცოდა, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც არის ამ ასამბლეის თავმჯდომარე, არის ერთ-ერთი აქტიური პოზიციის მქონე საქართველოს დანაწევრების საკითხთან მიმართებაში – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის ოკუპაციის და აღიარების საკითხში.

„ის აქტიურად მონაწილეობდა 90-იან წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამასთან დაკავშირებით, პრემიერობის კანდიდატმა გიგა ბოკერია სიცრუეში დაადანაშაულა.

„ბატონო გიგა, იმის შესახებ, რომ გავრილოვი სადღაც იბრძოდა, თქვენ უბრალოდ ტყუილს ეუბნებით საზოგადოებას, რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუ არსებობს, მოიტანეთ და გვანახეთ.

ბატონო გიგა, ცოტა ნაკლები ემოციები და ცოტა უფრო ნორმალურად ვისაუბროთ“, – მიმართა გახარიამ ბოკერიას.

ბოკერიას თქმით, სამწუხაროა, რომ შს მინისტრმა არ იცოდა გავრილოვის ფიგურის შესახებ დეტალები.

„ხვალ გავრილოვისნაირი ფიგურა რომ მოადგეს საქართველოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, ვწუხვარ, რომ შს მინისტრმა არ იცოდა, რომ ეს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციაა. შემოუშვებთ თუ არა გავრილოვისნაირ ფიგურად ქვეყანაში?“ – მიმართა ბოკერიამ გახარიას.

პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი არ იქნება დარღვეული, ეს გადაწყდება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და რისკების შეფასებით.

„გავითვალისწინებთ, ბატონო გიგა, რომ პარლამენტში გვყავს ხალხი, რომელიც მოუწოდებს შტურმისკენ და ამას გავითვალისწინებთ და ან შემოვუშვებთ და ან არა, ასე იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.