გიორგი გახარია - აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა
გიორგი გახარია - აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა

აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

„მინდა, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადავუხადო 2019 წლის გაწეული შრომისთვის, მიღწევებიც გვქონდა ბევრი შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება მნიშვნელოვანი და აქტიური. 2020 წლის გაწევრიანების შემდგომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა შედეგიანად გამოვიყენოთ.

ეს გვაძლევს საშულებას ჩვენი ქვეყნისთვის დღეს აქტუალური საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში და ყველას დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით.

დიპლომატიურ კორპუსს მინდა მიულოცო, რომ წელს არის პირველი წელი, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი, ჩამოყალიბდა და ჯერ სტრატეგია დამტკიცდა მთავრობის, შემდეგომ კიდევ პარლამენტის მიერ. ეს პირველად მოხდა და აძლევს საშუალებას დიპლომატიურ კორპუსს, ბევრად უფრო სისტემურად გააზრებულად და სტრუქტურირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა, რაც რჩება და დარჩება შედეგის მიღწევამდე, ქვეყნის ერთიანობის აღდგენამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უმნიშვნელოვანესი მიმართულებად.

„არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიღმა და ჩვენი ქვეყანა ქმედება და ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შედეგი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო პლატფორმები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩენ ასევე ვზრუნავთ ყველა მოქალაქისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს.

არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში რაშიც არის. ვიცი და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის ჰუმანიტარული მდგომარეობის, ამ მდგომარეობიდან დასახსნელად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პატარ-პატარა ქეისებისგან, ამ შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ევროპელ პარტნიორობას რეალურად დავანახოთ, რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც ასეთი ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ შენს მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ცხოვრობს.

ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებას უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ეს გაფორმებულია ჩვენს კონსტიტუციაში, ამას ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით. მზად ვართ და აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს გვაქვს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული პოლიტიკური განზომილებით, უსაფრთხოების განზომილებით. ეს არის ძალზეც მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება მზად, შეასრულოს თავისი როლი ამ რეგიონში უსაფრთხოების განზომილებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს შავი ზღვის კონტექსტში და რამდენად აქტუალურია დღეს ის გამოწვევები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შავ ზღვაზე ხედავს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.