გიორგი გახარია - 20 ივნისი ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე იყო
გიორგი გახარია - 20 ივნისი ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე იყო

20 ივნისი ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე იყო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიებისთვის გარკვეული დრო კიდევ არის საჭირო.

​„ჩემი პოლიტიკური შეფასებით, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. სხვა საკითხი არის გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხი არის, რა შედეგებით დასრულდება გამოძიება, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით და აქ ალბათ, გარკვეული დრო კიდევ საჭიროა. თუმცა ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. ამ საკითხს დავუბრინდებით კიდევ, თუ რატომ. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო ზუსტად დაახლოებით 22:00 საათისთვის, როდესაც პოლიციას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება უკვე ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ გქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აერიდებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ვერც ერთ კაცს ვერ მანახებთ და არ ყოფილა ასეთი ფაქტი, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინოს პარლამენტის შენობის პერიმეტრი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, რაღაც მომენტში, უკვე მასირებული, ორგანიზებული სხვადასხვა ჯგუფებით, სხვადასხვა მხრიდან შტურმი, შეტევა პოლიციაზე თანმიმდევრულად ხდებოდა.

„შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში არ ჰქონდა აღჭურვილობაშიც კი რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი – ეს ერთი და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას და ამ ორ-ნახევარი საათის განმავლობაში პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს სამასზე მეტი ფარი და თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება, რადგან მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის და 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი უბრალოდ მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი.

ეს იყო ის დინამიკა სიტუაციის, რა სიტუაციაშიც პოლიცია დაახლოებით ორნახევარი საათი იმყოფებოდა და ითმენდა ამ ყველაფერს. მაშინ, როდესაც გაჩნდა აშკარა, პირდაპირი რისკი, რომ პოლიციის კორდონი იქნებოდა გარღვეული და თავდამსხმელები – ხაზგასმით არ ვამბობ აქ მომიტინგეებს, რადგან ეს მიტინგი სხვადასხვა ჯგუფებისგან შედგებოდა. იქ იყვნენ აბსოლუტურად მშვიდობიანი, არააქტიური ადამიანები, თუმცა იყვნენ ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი მიზანი შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, პოლიციას ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტი, დაცული ობიექტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან და სხვა ყველაფერი არის ფაქტების ინტერპრეტაცია.

„რა თქმა უნდა იყო გარკვეული ფაქტები უფლებამოსილების გადამეტების. თუმცა როგორც კი აქცია გახდა ძალადობრივი, შსს-მ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ გთხოვთ დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე, პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს, ისევე, როგორც ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს.

ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების დროს, მაგალითად წყლის ჭურვის, რა თქმა უნდა ასეთი გაფრთხილება არსებობდა, თუმცა გადაუდებელი მოგერიების პირობებში, არც კანონი სრ გვავალდებულებდა და საშუალებაც არ იყო ასეთი გაფრთხილების. შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.