გიორგი გაგუა ხორვატიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
გიორგი გაგუა ხორვატიის „ისტრა 1961“-ის შემადგენლობაში ზაგრების „დინამოსთან“ მატჩში გამოირჩა. მისმა გუნდმა ხორვატიის ჩემპიონატის 28-ე ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა — „დინამო“ 3:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაგრების „დინამო“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამე ადგილზეა, ის მაინც ითვლება ხორვატული ფეხბურთის გრანდად, ამიტომაც მისი დიდი ანგარიშით დამარცხება მოულოდნელი იყო გუნდისგან, რომელიც მე-6 პოზიციას იკავებს.
გიორგი გაგუა „ისტრას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 88 წუთი დაჰყო. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა თამაშში აქტიურად მონაწილეობდა და მაღალი დონე აჩვენა.
გიორგის შეტევები კარგად ვითარდებოდა. 53-ე წუთზე კი ზაგრების გუნდის მცველმა, ტორენტემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა — მას გაგუასთვის დარტყმაში ხელის შეშლა სურდა. საბოლოოდ, ქართველ თავდამსხმელს 7,6 ქულა დაუწერეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.