გიორგი გაგუა - იმედია, გულშემატკივრებს შემდეგ შეხვედრებშიც გავახარებთ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გაგუა - იმედია, გულშემატკივრებს შემდეგ შეხვედრებშიც გავახარებთ [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიასთან ევრო 2023-ის მოგებული მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ გააკეთა.

გარდა იმისა, რომ „დეპორტივო ალავესის“ დუბლშემადგენლობის ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა და საქართველოს საქმე გაუადვილა, მეორე ტაიმის ბოლოს კიდევ ერთ საკვანძო მომენტში მონაწილეობდა – 76-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლის წაქცევისთვისაც სტუმართა მცველი ტომაშ არაუხო გააძევეს და პორტუგალია კაცნაკლული დარჩა, ეს კი 2:0-ზე, ფაქტობრივად, მოგებას ნიშნავდა.

„მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა მეტოქისთვის. მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით მივაღწიეთ სასურველ შედეგს.

მადლობა ბიჭებს, ისევე როგორც ეროვნული ნაკრებიდან ჩამოსულებს, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს. ახლა კი უნდა დავივიწყოთ დღევანდელი შეხვედრა და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ.

გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდურობამ და ერთიანობამ. დიდი ხანია, ერთად მოვდივართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე ტურში ბელგიასთან როგორ თამაშს ველოდებით? ეს ურთულესი შეხვედრა იქნება, მაგრამ როგორც დღეს, მათთანაც მწვრთნელის დავალება უნდა შევასრულოთ და მობილიზებულები ვიყოთ. იმედია, წარმატებულ გამოსვლას გავაგრძელებთ და გულშემატკივრებს შემდეგ შეხვედრებშიც გავახარებთ.