გიორგი გაბედავა - „შერიფი“ ძლიერია, მაგრამ მოგების შანსი ჩვენც გვექნება
გიორგი გაბედავა - „შერიფი“ ძლიერია, მაგრამ მოგების შანსი ჩვენც გვექნება

მოლდოვაში გამგზავრებამდე, „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფთან“ შეხვედრის შესახებ, რომელიც 10 ივლისს გაიმართება.

გიორგი გაბედავას თქმით, „შერიფი“ რამდენიმე თამაში ნახეს, გუნდი ძლიერია და „საბურთალოზე“ გამოცდილი.

„მაგრამ მეტოქეს მინუსებიც აქვს და შანსი ჩვენც გვექნება. საბრძოლო განწყობით მივემგზავრებით ტირასპოლში“, – აღნიშნა გაბედავამ.

გაგი მარგველაშვილის თქმით, მეტოქეს ბევრი ლეგიონერი ჰყავს და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს.

„მათი სიძლიერე შარშანაც გამოჩნდა, როდესაც მოლდოველები ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდნენ. ვერ ვიტყვი, რომ პირველ მატჩში თანაბარი შანსი გვაქვს, რადგან გასვლაზე უპირატესობა ტირასპოლელებს აქვთ. თანაც, ეს გუნდი შინ თამაშებს თითქმის არ აგებს. თუმცა ეს „საბურთალოსთვის“ ისტორიული შეხვედრაა და სასურველი შედეგის მისაღწევად ფეხბურთელები ძალებს არ დავიშურებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დაჩი ცნობილაძის თქმით, გააანალიზეს მეტოქის თამაში, ნახეს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

„ევროპაში ჩვენთვის პირველი სერიოზული გამოცდაა, ვეცდებით კარგად წარმოვაჩინოთ თავი. მთავარია, გუნდი მზად არის და წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა ცნობილაძემ.

ლაზარე კუპატაძე ამბობს, რომ 10 ივლისი „საბურთალოსთვის“ ისტორიული დღეა, რადგან ევროტურნირებზე პირველად ითამაშებენ.

„დიდი მოლოდინითა და იმედით ვემზადებით და გუნდში საბრძოლო განწყობაა. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას – დავბრუნდი შინ, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. „საბურთალო“ ჩემი ოჯახია. აქ ბევრი სასიამოვნო და დაუვიწყარი დრო მაქვს გატარებული. მჯერა, „საბურთალოსთან“ ერთად წარმატებებს კიდევ მივაღწევ“, – აღნიშნა ლაზარე კუპატაძემ.