გიორგი გაბედავა - საქართველოს ნაკრებიდან არავინ დამკავშირებია და გამოძახებაზე ვერაფერს ვიტყვი
გიორგი გაბედავა - საქართველოს ნაკრებიდან არავინ დამკავშირებია და გამოძახებაზე ვერაფერს ვიტყვი

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობიდან არავინ დამკავშირებია და ვერ ვიტყვი, მართალია თუ არა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს, – ასეთი კომენტარი გააკეთა პირველ არხთან გიორგი გაბედავამ.

29 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში 22 გოლი გაიტანა და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. გაბედავა წელს პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდში, სოსნოვიეცის „ზაგლებიეში“ გადავიდა.

მარტში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიას (23 მარტს) და ირლანდიას (26 მარტს) დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მატჩებისთვის „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი გაბედავა გამოიძახა.

გაბედავა პირველ არხთან არ მალავს, რომ ნაკრებში მიწვევის იმედს არ კარგავს.

„ეროვნულ გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა და იმედია, ეს ამბავი მართალი გამოდგება. მაგრამ ნაკრებში გამოძახებას თავისი წესები აქვს, მე კი ჯერ ფეხბურთის ფედერაციიდან მიწვევა არ მიმიღია და ამიტომ, ჯერ გამოძახებაზე ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, დასამალია რა არის, ამის იმედს არ ვკარგავ“, – აღნიშნა მან.