გიორგი გაბაძე - „ლოკომოტივში“ 250 ოფიციალური მატჩი საკმაოდ ბევრია და საპასუხისმგებლოც #1TVSPORT
გიორგი გაბაძე - „ლოკომოტივში“ 250 ოფიციალური მატჩი საკმაოდ ბევრია და საპასუხისმგებლოც #1TVSPORT

გიორგი გაბაძემ თბილისის „ლოკომოტივში“ 250-ე მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ საიუბილეო თამაში მისთვის ბევრს ნიშნავს.

„12 წლის ვიყავი, როდესაც „ლოკომოტივში“ მოვედი. ამ ასაკიდანვე საკმაოდ კარგად მქონდა გააზრებული, რამდენად დიდ კლუბში ვთამაშობდი. აქ გატარებული წლების რაოდენობაც მეტყველებს იმაზე, „ლოკომოტივსადმი“ როგორი სიყვარული და პატივისცემა მაქვს. მადლიერი ვარ, რომ მათგანაც იგივეს ვგრძნობ. 250 ოფიციალური თამაში, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია და ამავდროულად, საპასუხისმგებლოც. განსაკუთრებით, ერთი კლუბის მაისურით“, – ამბობს გიორგი გაბაძე.

გიორგი გაბაძე რუსეთში, პეტერბურგშია დაბადებული, მაგრამ მთელ კარიერას საქართველოში ატარებს. „ლოკომოტივში“ მაშინ მივიდა, როცა 12 წლის იყო. 2011 წელს მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2013 წელს მხოლოდ ექვსი თვით იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, მაგრამ 2014 წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.

გიორგი გაბაძე იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი. 17-წლამდელების შემადგენლობაში ითამაშა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.